logo
ENG



DRI: საჩივარების დაუსაბუთებელი გადაწყვეტა არჩევნების შედეგების დაბალ ნდობას უფრო  ამცირებს

05 ნოე 202012:58
3 წუთის საკითხავი
 
fliixuno1qij128.png

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება 4-5 ნოემბრის ღამეს საბურთალოს, ვაკის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისნის, სამგორის, გლდანის, სამტრედიის, თელავის, ბათუმისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქებთან არსებულ დაძაბულობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე  და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირთა მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ.

DRI უარყოფითად აფასებს დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე პროცედურებით საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებას, რასაც საარჩევნო კანდიდატების პროტესტი მოჰყვა და შენიშნავს, რომ სიტუაციის ნორმალიზების ვალდებულება სრულად ეკისრება ხელისუფლებას.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობებში, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე შეფასდა, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი, აუცილებელია ცალკეული უბნების შედეგების ხელახალი დათვლა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვა. ამის საპირისპიროდ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევები, ავტორთა მონაწილეობის გარეშე. ასევე, საჩივრების განხილვაზე დასწრების შეზღუდვა სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კომისიის წევრთა მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და საჩივრის ავტორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით, აღნიშნულ პირთა დაკავება და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები", - ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა, აღნიშნულ ძალადობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობა და საარჩევნო კომისიების მიერ საჩივართა გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით განხილვა ამცირებს ნდობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რაც ისედაც კრიტიკულად დაბალია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას:

"შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს 4-5 ნოემბერს საარჩევნო ოლქებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა წარიმართოს კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურებით, საჩივრის წარმდგენ პირთა მონაწილეობით", - ნათქვამია NGO-ის განცხადებაში.

გუშინ, 4 ნოემბერს ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, 9 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ენმ-ის საჩხერის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კაპანაძე. კაპანაძე და კიდევ ერთ პირი უკვე გაათავისუფლეს. 7 ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი პირების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. კომისიის სხდომებიდან დამკვირვებლების ნაწილი გამოაძევეს, ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

პარალელურად განცხადება გაავრცელა სამართლიანმა არჩევნებმა და მიუთითა, რომ სხდომებზე მათი და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საჩივრები განუხილველად დატოვა. რაც განიხილა, არ დააკმაყოფილა. 

აქციები გაიმართა სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 

ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.  


close დახურვა